Sunday, September 17, 2023

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას

 



მირანდა დანელია

სსიპ ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი


არაფორმალური განათლების ეფექტურობას არაერთი საერთაშორისო კვლევა აღიარებს, რადგან იგი გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილებების გამოვლენაზე, ქმნის პირობებს პრაქტიკული და ანალიტიკური, სისტემური აზროვნებისა და სოციალურ-თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის. დაახლოებით, 25 წელია, ვმუშაობ მოზარდებთან. მათთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეების განსაკუთრებული წარმატების საწინდარი არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებია.

იმისათვის, რომ განათლება ჩაითვალოს არაფორმალურად, საჭიროა ფორმალური სასწავლო გარემოს გარეთ ჩატარდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განათლების მიღებისათვის არ უნდა მივმართოთ პროფესიონალებს. მაგალითად, თუ მოსწავლე, ცოდნის მისაღებად, მასწავლებელთან საგნობრივი კლუბის შეკრებაზე მიდის, ეს უკვე არაფორმალური სწავლებაა. აქედან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ არაფორმალური განათლების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, გაკვეთილის გარდა.

კლუბის მიზანია, სკოლის ბაზაზე გავაძლიეროთ არაფორმალური განათლების ისეთი ფორმა როგორიც არის საკლუბო მუშაობა და დავუკავშიროთ ის მიმდინარე საგაკვეთილო პროცესსაც, გავზარდოთ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და ჩართულობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, სსიპ ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლაში, უკვე მესამე წელია, ფუნქციონირებს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი -,,უბრალოდ ქიმიკოსები“ .

კლუბის მიზანია:

♦ მოსწავლეთათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;

♦ სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;

♦ საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;

♦ მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდა;

♦ მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლენა და ჩამოყალიბება;

♦ პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;

♦ პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;

♦ წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;

♦ მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში.

კლუბში მუშაობისას მოსწავლეები მარტივ, უსაფრთხო ექსპერიმენტებს ატარებენ. ყველა ექსპერიმენტი საინტერესოა; მეცადინეობები გათვლილია სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეზე, მათი ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით; ექსპერიმენტები ეფუძნება მოსწავლეთა თეორიულ ცოდნას; მოსწავლეებს ეძლევათ ექსპერიმენტების დამოუკიდებლად, ხელმძღვანელის ინსტრუქციის მიხედვით, ჩატარების საშუალება; მათ დასკვნები დამოუკიდებლად გამოაქვთ; ექსპერიმენტებს (აქტივობების ვიდეობს.იხ. გვ. უბრალოდ ქიმიკოსები-) კლუბისთვის გახსნილ YouTube არხზე აქვეყნებენ.

განახორციელეს ექსპერიმენტები:

♦ ჟანგბადის მიღება წყალბადის ზეჟანგის დაშლით;

♦ ოქროს წვიმა;

♦ ცილების აღმოჩენა;

♦ უნივერსალური ინდიკატორი;

♦ სპილენძის გლიცერატის მიღება;

♦ აცეტონის აღმოჩენა იოდოფორმის წარმოქმნით;

♦ ძმარმჟავას ქიმიური თვისებების შესწავლა;

♦ ჭიანჭველმჟავას დაშლა.

მოამზადეს პრეზენტაციები თემებზე:

⇒ „ღვინო და ქიმია“

⇒ „ქიმია და კოსმეტიკა“

⇒ „შესაფუთი საშუალებები“

⇒ „საწვავი“

⇒ „სამკურნალო მცენარეები“

⇒ „სისუფთავე ჯანმრთელობის ნაცვლად“

⇒ „ქლორი“

⇒ „აზოტი“

⇒ „გოგირდი“

⇒ „მეტალები“

ჩემი მიზანია, კლუბში მუშაობის დრო გამოვიყენო მიზანმიმართულად და ნაყოფიერად, მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, შესწავლილი მასალის ანალიზის, განზოგადებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაო. პრობლემა შეიძლება იყოს კითხვა, რომელიც მოითხოვს ძიებას ცოდნის მისაღწევად, მოსწავლეებში ინტერესის გამოსაღწევად. ყოველ მეცადინეობას ვგეგმავ, განვსაზღვრავ ქიმიის კლუბის მუშაობის სტრატეგიასა და აქტივობას. ვცდილობ, მუშაობის პროცესი საინტერესო, მრავალმხრივი იყოს და მუდმივად მქონდეს მოსწავლეებთან უკუკავშირი. ეს მეთოდი ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია.

კლუბებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ საკუთარი ინტერესი, იმსჯელონ, იკამათონ არჩეულ თემატიკაზე. სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისას, უწევთ საკუთარი აზრის გამოთქმა, მის დასაცავად – არგუმენტების მოძიება, ფაქტებზე დაყრდნობით – დასკვნების გამოტანა, ჰიპოთეზების შეთავაზება და გადამოწმება. როდესაც ბავშვი დაკავებულია მისთვის საინტერესო საქმიანობით, ყველაზე გაუბედავიც კი, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. და რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ეს წარმატება, მას უმაღლებს თვითშეფასებას, თავდაჯერებულს ხდის არა მარტო საკლუბო მუშაობისას, არამედ ცხოვრებაშიც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. თამუნა ისაკაძე. არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის.
  2. ნინო კაპანაძე. განათლება გაკვეთილების მიღმა, ანუ არაფორმალური განათლება სკოლაში.

No comments:

Post a Comment